მძევლად ჩაგდება

სამინისტრო: შონია და ღვარჩლიანი 2014 წლამდე მუშაობდნენ შეიარაღებულ ძალებში

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ პირთა შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით ჯემალ შონია ამა წლის 13 იანვრიდან აღარ ირიცხებოდა შეიარაღებულ ძალებში, ხოლო დურმიშხან ღვარჩლიანი 15 თებერვალს გაათავისუფლეს.

"დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია 2013 წლის 10 იანვრიდან მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციაში. დურმიშხან ღვარჩლიანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ 2014 წლის 15 თებერვალს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.

ჯემალ შონია 2013 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2014 წლის 13 იანვარს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გასამხედროებული ქვედანაყოფის წევრები იყვნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ, ისევე, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული სხვა გასამხედროებული ქვედანაყოფების წევრებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შანსი მიეცათ.

თუმცა, დაკისრებული მოვალეობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებისა და საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის, დურმიშხან ღვარჩლიანმა და ჯემალ შონიამ რამდენიმე თვეში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეიარაღებული ძალები დატოვეს" - ნათქვამია განცხადებაში.

13 ოქტომბერს ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით).

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გატაცებაში ნაციონალური მოძრაობის კვალს ხედავდა: " მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი" - აცხადებდა პრემიერი.

კომენტარები