შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე 4 პირი დაკითხეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდ-ის თანამშრომელი, 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდ-ის თანამშრმელი, 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გიორგი ქალდანმა ტყის მასივში ის ადგილი მიუთითა, სადაც ფული და იარაღი დააგდო. სამართალდამცველებმა ამოიღეს 289 100 აშშ დოლარი, 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 228 ვაზნა, 4 ხელყუმბარა, 1 ხიშტ-დანა, 4 ნიღაბი და 4 წყვილი ხელთათმანი. სამართალდამცველებმა დურმიშხან ღვაჩლიანის პირადი ჩხრეკისას 900 დოლარი და მარიხუანა, ხოლო გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი ამოიღეს.

ასევე, ჯემალ შონიამ მიუთითა ის შენობა, სადაც დაზარალებული მძევლად ხელში ჩაიგდეს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები