სავიზო რეგულაციები

TI-მა სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით უცხოელებთან დისკუსია გამართა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ უცხოელთათვის ახალ სავიზო და ბინადრობის წესებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. დისკუსიის მიზანი იმ ადამიანთა მოსაზრებების მოსმენა იყო, რომელთაც ახალი რეგულაციები უშუალოდ ეხებათ.

ორგანიზაცია აპირებს, მთავრობას რეკომენდაციები მიაწოდოს, რომელთა შემუშავებისთვის სწორედ დისკუსიის დროს მოსმენილ მოსაზრებებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოდიში მოუხადა მათ, ვისაც ახალმა სავიზო პოლიტიკამ პრობლემები შეუქმნა და პირობა დადო, რომ სამუშაო პროცესში გამოვლენილი ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება.

სავიზო და ბინადრობის ახალი წესები საქართველოში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი კანონით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა. ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" გაიცემა, რასაც მთავრობა დაადგენს. ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა.

კომენტარები