დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო

ომბუდსმენი და საია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვენ

დავით ჩაჩუა ერთერთია იმ 30 პირს შორის, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო მიმართა. ჩაჩუას თქმით, ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს და როდესაც მათი ვინაობით დაინტერესდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაჩუამ გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა მისი საქმის გამოძიება მხოლოდ ინფორმაციის მედიისთვის მიწოდების შემდეგ დაიწყეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ მიერ აღიცხული არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების გამო არცერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში არ მიცემულა. კახა კოჟორიძე თვლის, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა, რომელიც მსგავს საქმეებს გამოიძიებს. საიას თავმჯდომარის თქმით, მსგავსი რეკომენდაცია თომას ჰამერბერგმაც გასცა.

პრობლემის არსებობაზე საუბრობენ სახალხო დამცველის აპარატშიც. მართლმსაჯულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არცერთზე არ დამდგარა. ნათია კაციტაძის თქმით, 2013 წელს სახალხო დამცველმა პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა, რომ სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობა დამოუკიდებლმა საგამოძებო ორგანომ შეისწავლოს.

სახალხო დამცველისა და არასამთავრობოების ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მსგავსი უწყება უკვე არსებობს და ახალი ორგანოს შექმნის მოთხოვნა არაპროფესიონალური იქნებოდა.

კომენტარები