საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

სასამართლო: ფსიქიატრიულ დახმარებაზე კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს წარმოადგენდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებდა „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებისა და ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, უკრძალავდა ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას.

"ამგვარი შეზღუდვებით პირს საფუძველშივე ესპობოდა დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან, არსებობასა და განვითარებასთან. ქმედუუნარო პირებს ეკრძალებოდათ ისეთი მარტივი, წვრილმანი გარიგებების დადებაც კი, როგორიცაა საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სამგზავრო ბილეთების შეძენა. სასამართლომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების უნარები ინდივიდუალურია. „სულით ავადმყოფობისა“ და „ჭკუასუსტობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდეთ ნების გამოვლენის უნარი, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ყოველი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უნიკალურია და აუცილებელია, არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომა გარიგებების სირთულისა და პირთა გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. პირზე მზრუნველობის ინტერესებსა და მის პირად ავტონომიას შორის ბალანსის დადგენის მიზნით, აუცილებელია, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროება არსებობს გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხიდან გამომდინარე. კანონმდებლობა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს პირის ქმედუუნაროდ ცნობის კრიტერიუმებს. ქმედუუნაროდ აღიარების საკანონმდებლო რეგლამენტაცია უნდა გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით, რათა ზუსტად ასახავდეს პირის საჭიროებებს და ამ საჭიროებებზე მორგებული შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას ქმნიდეს. არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურად, ყოველგვარი გრადაციისა და დიფერენცირების გარეშე ზღუდავდა ქმედუუნარო პირთა უფლებებს. ასევე არ იყო გათვალისწინებული მეურვის მხრიდან ნების ფორმირებაში დახმარებისა და ქმედუუნარო პირის ნების გათვალისწინების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ არათანაზომიერად იზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

მოსარჩელეები ასევე ასაჩივრებდნენ ქმედუუნარო პირებისათვის ქორწინების აკრძალვის კონსტიტუციურობას. სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 36-ე მუხლით გარანტირებული ქორწინების უფლება გულისხმობს პირის თავისუფლებას, ნებაყოფლობით და გაცნობიერებულად შექმნას ოჯახი მის მიერ არჩეულ პარტნიორთან. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით გარანტირებული ქორწინების უფლება ითვალისწინებს პირად, სოციალურ და სამართლებრივ ასპექტებს, მათ შორის, ქორწინების სოციალური სტატუსის შეძენის და ურთიერთობის სოციალური აღიარების შესაძლებლობას. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად, რიგ შემთხვევებში, აუცილებელია ქორწინების უფლების ქონებრივი ასპექტების შეზღუდვა, რაც ქორწინების უფლებაში ჩარევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე ქორწინების უფლების არაქონებრივი და სოციალური ასპექტების შეზღუდვა არათანაზომიერია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.

"საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული მუხლები ქმედუუნარო პირს არ აძლევდა უფლებას, გამოჯანმრთელების შემთხვევაში თავად მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ქმედუნარიანობის აღდგენა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და არაკონსტიტუციურია. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმას, რომელიც პირის სტაციონარში ნებაყოფლობით მოთავსებას ითვალისწინებდა მეურვის თანხმობის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ნების გარეშე, თუნდაც მისი მეურვის თანხმობით, სტაციონარში მოთავსება წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების შეზღუდვას, რაც დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ეს ნორმაც არაკონსტიტუციურად ცნო. მოსარჩელეები ასევე დავობდნენ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევაში ექიმს ნებას რთავდა, შეეზღუდა პაციენტის უფლება ჰუმანურ მოპყრობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის თანახმად, არცერთ შემთხვევაში არ დაიშვება არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და არაკონსტიტუციურად ცნო გასაჩივრებული ნორმა", - ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონის ის ნორმები, რომლებიც არ ითვალისწინებდა ქმედუუნარო პირის უფლებას, მიეღო ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისი გონებრივი უნარების გათვალისწინებით გავლენა მოეხდინა მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალკეული სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადება მოწესრიგების გარეშე დატოვებდა ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ურთიერთობებს და შექმნიდა მათი უფლებების დარღვევის საფრთხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ნორმების ნაწილი ძალადაკარგულად გამოაცხადა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში. 2015 წლის 1 აპრილამდე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობა ექნება, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კომენტარები