ინტერვიუ პრეზიდენტთან

პრეზიდენტი: დაპირისპირების პიკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს უკავშირდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელთან დაპირისპირების პიკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს უკავშირდება ხოლმე. მისივე თქმით, რეზიდენციაში გადასვლის გამო, არ უფიქრია, რომ ვინმე განაწყენდებოდა. პრეზიდენტმა ინტერვიუ Forbes Georgia-ს მისცა.

"საქმე ისაა, რომ პიკი უკავშირდება ხოლმე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს. აქედან გამომდინარე, თუ კიდევ იქნება ინტერვიუ, შესაბამისად, იქნება ვნებათაღელვაც. თუმცა, ვფიქრობ, შევძლებთ, ვისაუბროთ პოლიტიკაზე და არა პიროვნულ საკითხებზე.

ბუნებრივია, ამ ნაბიჯით[რეზიდენციაში გასავლით] ვინმეს განაწყენება არ მიფიქრია, ის სრულად იყო განპირობებული იმით, რომ ელემენტარული სამუშაო პირობები არ მქონდა. პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავდი, არ ხორციელდებოდა და ეს ნათლად დავინახე. პოლიტიკოსები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ის, რაც მე მინდოდა, არ გამოვიდოდა და სხვა პროექტებს ავითარებდნენ, რომელთან განხორციელება ამ შენობაში არასწორად მიმაჩნდა. თანაც ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს არა საკუთარი თავი, არამედ ქვეყანა. და მიმაჩნია, რომ ამისთვის ეს ადეკვატური ადგილია. 

როდესაც ვსაუბრობთ ამ რეზიდენციაზე, ვისაუბროთ სხვებზეც. ხომ ვიცით, რომ ეს ერთადერთი რეზიდენცია არ არის? რეზიდენციები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო, რომლებიც გადავაბარე მთავრობას და არც კი ვიცი, როგორ განკარგავენ და რა ბედი ეწია მათ.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, როდესაც დავინახე, რომ ჩემი თავდაპირველი პროექტი არ ხორციელდებოდა, არ მქონდა სამუშაო პირობები და იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის გაფერმკრთალების აშკარა მცდელობა, ბუნებრივია, გადავდგი პოლიტიკური ნაბიჯი. ამით ნათლად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას არ დავუშვებდი.

შეასაბამისად, ჩემი მოტივაცია ვინმეს განაწყენება არ ყოფილა და არც მომავალში იქნება. ჩემი მოტივაცია და მიზანი არის სულ სხვა რამ - აშენდეს ძლიერი საქართველო ძლიერი ინსტიტუტებით", - აღნიშნავს პრეზიდენტი ინტერვიუში.

კომენტარები