ინტერვიუ პრეზიდენტთან

პრეზიდენტი: ევროპის რუკაზე მავთულხლართების გაჩენა რთულ რეალობამდე მიგვიყვანს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ თუ გაიზრდება მავთულხლართების რაოდენობა ცხინვალთან, აფხაზეთთან, მას გაავლებენ უკრაინასა და სხვა ადგილებშიც და მოედება მთელს ევროპას. მისი თქმით, ეს, საბოლოოდ, რთულ რეალობამდე მიგვიყვანს. პრეზიდენტმა ინტერვიუ Forbes Georgia-ს მისცა.

ჟურნალისტმა ჰკითხა - "მიგაჩნიათ, რომ ახალი რკინის ფარდა ეშვება რუსეთსა და დასავლეთს შორის?"

პრეზიდენტი პასუხობს - "ძალიან არ მომინდებოდა, ასე ყოფილიყო, მაგრამ თუ მავთულხლართების რაოდენობა გაიზრდება ცხინვალთან, აფხაზეთთან, მას გაავლებენ უკრაინასა და სხვა ადგილებში, მოედება მთელს ევროპას. ამდენი აკრძალული და გაუგებარი ბარიერის გაჩენა ევროპის რუკაზე, საბოლოოდ, რთულ რეალობამდე მიგვიყვანს. ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა დღესვე უნდა გამოხატონ, რომ ეს მათთვის მიუღებელია. ამას აკეთებენ კიდეც და, ბუნებრივია, მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ისინი აქტიურად ავითარებენ, ამის მაჩვენებელია. მავთულხლართების თითოეული მეტრის გავლებას ისინი მკვეთრ განცხადებებს უპირისპირებენ, მაგრამ ეს ხდება კონკრეტული შემთხვევების დროს. მიმაჩნია, რომ საჭირო და აუცილებელია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა არა კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგალითად, ცხინვალის, ლუგანსკის, სოხუმის შემთხვევაში, არამედ გლობალურად".

კომენტარები