საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა, დააბრუნოს ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, არ შეცვლილა. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის დაბრუნება ევროპულ ინტეგრაციას ვერ დააზარალებს.
პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა - "საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ჩვენ შეიძლება, ეს მომენტი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღსადგენად გამოვიყენოთ... პრაგმატული და ეთიკური თვალსაზრისით, რამდენად სწორი გგონიათ ეს პოზიცია და ხომ არ გვაშორებს ასეთი მიდგომა დასავლურ კონტექსტს?".
პრეზიდენტი პასუხობს - "მოდი, შევხედოთ რეალობას - ეს არის ის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა დავიწყეთ არა დღეს და ახლა, არამედ 2 წლის წინათ. ეს იყო საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის დეკლარირებული პოზიცია და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მანამდე იყო დეკლარირებული, სანამ უკრაინის კრიზისი გაჩნდებოდა. ამისთვის სპეციალურად შეიქმნა კიდეც პრემიერმინისტრის საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც ზურაბ აბაშიძემ დაიკავა და მას სწორედ ამ საკითხებზე უნდა ემუშავა. ამ მხრივ გაცხადებული პრიორიტეტები არანაირად არ შეცვლილა და ეს იყო ჩვენი ტრადიციული პროდუქციის - ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე.
მეორე - რაც შეეხება ჩვენს დასავლურობას, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ვერ დააზარალებს. კარგად დავაკვირდეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას. ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია უნდა გავაღრმაოთ ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. იგივე ლოგიკა ვრცელდება ჩვენს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. შესაბამისად, ამ ორ თემას ასე არ დავაკავშირებდი. ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ პოლიტიკას, რომელიც 2 წლის წინ განისაზღვრა და რომელიც ასახულია ევროკავშირთან თანამშრომლობის ფუძემდებლურ დოკუმენტებში. მეტსაც გეტყვით, მინდა, გავიხსენო რამდენიმე შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან, რომელთა დროსაც ხაზგასმით ვთქვი, რომ აქტიურად ვცდილობთ ბალანსის დაცვას და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ სომეხ პარტნიორებთან იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უკვე გახდა ევროპული ბაზრის ნაწილი, ხოლო სომხეთს სხვა მიმართულება აქვს არჩეული - ევრაზიული ეკონომიკური კავშირი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი პოლიტიკა - დავაბრუნოთ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე - არანაირად არ შეცლილა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





