მკვლელობა ქუთაისში

პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის პატიმრობას ითხოვს

metro.us

ქუთაისის საოლქო პროკურატურა 22 წლის მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სასამართლო პროცესი 24 საათის განმავლობაში გაიმართება.

პოლიციელს ბრალი სსკ 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით წარედგინა.

ცნობისთვის, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ. გარდაცვლილის ახლობლები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, ბუჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

კომენტარები