განზრახ მკვლელობა

21 წლის მამაკაცი კახეთში ცემით მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში, 21 წლის მამაკაცს ჯოხით სცემეს. ის სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. როგორც რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ახალგაზრდას შეყვარებული გოგონას ოჯახის წევრები ჯოხებით რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ. თვითმხილველების თქმით, გოგონა უკვე ულფუკარ კ-ს მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც მანქანა გაფუჭდა. სწორედ ამის შემდეგ დაესხნენ მამაკაცს თავს.

გამოძიების ვერსიით კი, "ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა. ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".

დაკავებული ჩადენილ დანაშულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები