რელიგია

ყურბან ბაირამს ვულოცავ მთელ საქართველოს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

არაბულად ამ დღესასწაულს ჰქვია იდ ალ-აზჰა  ანუ „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“. ყურბან ბაირამი ამავეს ნიშნავს, ოღონდ თურქულად. ამავე ენიდან არის ქართულში დამკვიდრებული ამ დღესასწაულის სახელი. იგი მთვარის კალენდარზე მომართული მოძრავი დღესასწაულია. წლეულს ეს დღესასწაული 4 ოქტომბერს მოდის. იგი მეორე უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ისლამში.

დღესასწაული აგვირგვინებს ჰაჯს ანუ მექაში მომლოცველობას. ჰაჯი ისლამის ხუთი სარწმუნოებრივი ბურჯიდან ერთ-ერთია (პირველი არის რწმენა იმისა, რომ ღმერთი ერთია და მუჰამედი – მშვიდობა იყოს მასზე – მოციქულია ღვთისა. მეორე არის ლოცვა ანუ ნამაზი დღეში ხუთჯერ. მესამე მარხვა რამადანის თვეში. მეოთხე მოწყალების გაღება ანუ ზიქათი. მეხუთე მომლოცველობა მექაში ანუ ჰაჯი,  მათთვის ვისაც ეს შეუძლია).

ყოველ წელიწადს  მექაში, რომელიც საუდის არაბეთში მდებარეობს, ჰაჯის მომლოცველობაზე ორ მილიონზე მეტი მუსლიმი ჩადის. ჰაჯი სრულდება მუსლიმური კალენდრის ზილ-ჰაჯის თვის მეცხრე დღეს. მეათე დღეს იზეიმება ყურბან ბაირამი.

ჰაჯობა უნიკალური რელიგიური გამოცდილებაა – უაღრესად ეგალიტარიანული და გენდერულად ინკლუზიური. ქააბას ირგვლივ ერთად ლოცულობენ თეთრ პირსახოცებში შემოსილი, დედამიწის ყველა კუთხიდან მოსული მომლოცველები, ქალები და კაცები. აქ არავინ არჩევს, ვინ სუნიტია და ვინ შიიტი, ვინ სუფიაა და ვინ სალაფიტი...  

ქრისტიანობაში მსგავს მიზანს ემსახურებოდა ევქარისტია, რომელიც თავად იესომ დააწესა. თეორიულად მაცხოვრის ტაბლის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ ყველა მისი მიმდევრები. სამწუხაროდ, ის, რაც ქრისტიანთა ერთობის ნიშანი უნდა იყოს წესით, ახლა ქრისტიანთა დანაწევრების სიმბოლოდ არის ქცეული. ამ მხრივ, თეთრი შურითა მშურს მუსლიმებისა, რომლებიც, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, მექაში ქააბას გარშემო ყველანი ერთნი და თანასწორნი არიან.

თავად ქააბა (ქართულად კუბი. მას კუბის ფორმა აქვს) არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სალოცავი მთელი დედამიწის ზურგზე. მუსლიმები თავიდან იერუსალიმის მიმართულებით ლოცულობდნენ, მოგვიანებით, თავად წინასწარმეტყველ მუჰამედის – მშვიდობა იყო მასზე – სიცოცხლეში, მათ ქააბას მიმართულებით დაიწყეს ლოცვა და დღემდე ასე აგრძელებენ. ყველა მეჩეთის მიჰბარი ანუ აბსიდის მსგავსი ნიშა მექისკენ არის მიმართული, გარდა ერთი მეჩეთისა, სადაც თავად წინასწარმეტყველი ლოცულობდა. ამ მეჩეთში ორი მიჰბარია, ერთი იერუსალიმისკენ მიმართული და მეორე მექისკენ მიმართული.

ყურბან ბაირამზე იკვლება საქონელი: ცხვარი, ძროხა, აქლემი. საკლავი საუკეთესო უნდა იყოს და უნაკლო. დაკლული საქონლის ხორცი უნაწილდებათ ხელმოკლე ოჯახებსა და ღარიბ-ღატაკებს.

ამ დღეს იგალობება ღვთის სადიდებელი ულამაზესი საგალობელი, თაქბირი:

ალლაჰუ  აქბარ, ალლაჰუ აქბარ (დიდ არს ღმერთი, დიდ არს ღმერთი)
ლა ილაჰა ილლა ალლაჰ (არ არსებობს ღვთაება გარდა ღმერთისა)
ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ (დიდ არს ღმერთი, დიდ არს ღმერთი)
ვა ლი – ილლაჰილ – ჰამდ (და ღმერთს ეკუთვნის ქება-დიდება)

ყველაზე მთავარი ახლა უნდა გითხრათ. მთავარი კი ის არის, რომ ჰაჯიც და ყურბან ბაირამიც, ორივე წარმოადგენს იმ ნარატივის გახსენებას, რომელიც  იუდეველებს, ქრისტიანებსა და მულიმებს საერთო გვაქვს.

ეს ის ნარატივია, რომლის მიხედვითაც იბრაჰიმი (ჰაზრათ იბრაჰიმ ისლამური ტრადიციით), ანუ აბრაჰამი მზად იყო თავისი შვილი ნებაყოფლობით შეეწირა ღმერთისათვის. აბრაამისეული რელიგიების ოჯახში ამ ამბის გადმოცემაში არის სხვაობაც, რომელიც არ შეიძლება აქ არ ვახსენოთ: იუდეო-ქრისტიანულ საღმრთო წერილში აბრაამი აპირებდა ისაკის შეწირვას მსხვერპლად, ხოლო ყურანში იბრაჰიმი არა ისაკს, არამედ ისმაელს უპირებს შეწირვას.

ნარატივის ეს დეტალი განსხვავებულია, მაგრამ ეს ნარატივის დედააზრს არ ცვლის. სამივე ტრადიციაში მთავარი აზრი ეს არის: „არაფერი ავნო შენს ბავშვს!“  ეს იმიტომ, რომ ღმერთი არა სიკვდილის, არამედ სიცოცხლის ღმერთია. მას სურს, რომ ადამიანებმა, ვინც არ უნდა ვიყოთ – მუსლიმები, ქრისტიანები, ებრაელები თუ სხვა – არ ხელვყოთ არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე. ბავშვი უმწეოა და არ უნდა მივმართავდეთ ძალადობას არა მარტო უმწეო ბავშვებზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც უმწეოა.

ამიტომ არის ჩემთვის ყურბან ბაირამი უაღრესად რელევანტური შეგონება იმისათვის, რომ ყველამ დავაფასოთ სიცოცხლე, ყველამ პატივი ვცეთ უმწეოს, ყველამ პატივი ვცეთ უმცირესობებს ჩვენ შორის, რათა ყველამ სიკვდილს სიცოცხლე ვამჯობინოთ, სიძულვილს სიყვარული ვამჯობინოთ, მტრობას – მეგობრობა, ქიშპობას – თანამშრომლობა და შერიგება.

სწორედ ამიტომ, ყურბან ბაირამს, როგორც სიცოცხლის ზეიმის დღესასწაულს, ვულოცავ ყველას: ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს – ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ქისტებს, ლეკებს, თურქებს, ირანელებს, ასევე ქრისტიანებს და იმათ, ვინც არანაირ რელიგიას არ მიაკუთვნებს თავს, მაგრამ სიცოცხლის სამსახურში დგას.

პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი ეპისკოპოსი, საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

კომენტარები