ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

პრეზიდენტი: გაგვიხარდებოდა, რეზოლუციაში ყირიმთან ერთად ჩვენც მოვხვედრილიყავით

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ რეკომენდაციებში, რომელიც ევროსაბჭომ რუსეთის ფედერაციას მისცა, ნახსენებია პრივილეგირებული ინტერესების ზონაზე უარის თქმის საჭიროება და ყირიმი. მან აღნიშნა, რომ "ჩვენ გაგვიხარდებოდა, აქ ასევე ნახსენები ყოფილიყო საქართველო, ჩვენი პრობლემები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. სამწუხაროდ, ეს იქ არ ჩანს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს გამოსწორდება".

კითხვაზე, "იქნებ, ეს დელეგაციის არასაკმარისი მუშაობის შედეგი იყო?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ "მე ვერანაირად ვერ გეტყვით, რის შედეგად. მე ვნახე ბევრად უფრო ინტენსიური დინამიკა უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ეს დასანანია, რადგან ჩვენ ბოლო ძალიან რთული ათი თვის განმავლობაში სწორედ იმას ვცდილობთ, რაც შეიძლება თვალნათლივ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ის, რაც ხდება ყირიმში და რაც მოხდა საქართველოში, არის ერთი სცენარი. ამ სცენარს ჰქვია პრივილეგირებული ინტერესის ზონები. ეს ტერმინი ნახსენებია, მაგრამ მარტო უკრაინასთან მიმართებით და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო საქართველოსთან მიმართებით".

პრეზიდენტის შეფასებითვე, "ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ბუნებრივია, არის ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტი, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს ხოლმე". მისი თქმით, "გულისყურით ვუსმენთ ევროსაბჭოს, როგორც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს". როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი აირჩია.

"ამ კურსში თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ ვართ ახლო კონსულტაციებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებიც გვაძლევენ რეკომენდაციებს. მე მადლობელი ვარ ამ რეკომენდაციებისთვის, რადგან მათი გააზრება, არა აუცილებლად ზედმიწევნით შესრულება, მაგრამ განხილვა და გააზრება ჩვენ მიგვიყვანს უფრო მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებამდე", - თქვა მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეზოლუციაში იყო საკითხი პრეზიდენტის თაობაზეც:

"რეკომენდაციების ამ ნაწილში მე ვარ გახსნილი და რადგან ეს საკითხი განიხილა ევროსაბჭომ, მე მზად ვარ, დავიწყო კონსულტაციები ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესასწავლად და რაღაც დასკვნამდე მისვლის თვალსაზრისით". 

კომენტარები