სირიელი მეამბოხეების წვრთნა საქართველოში

პეტრიაშვილი: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება მუქარის შემცველი გაფრთხილებაა

"ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი ცენტრი განთავსდეს და როგორი ფორმით ვიზრუნოთ რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანაზე" - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასცნობისთვის,  ოფიციალური მოსკოვი საქართველოში სირიის ოპოზიციის მებრძოლების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

"ეს განცხადება ყველაფერია, გარდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში დაინტერესებული სახელმწიფოს გამოხმაურებისა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს იმ სახელმწიფოს მუქარის შემცველ გაფრთხილებას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართლის ნორმებს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ყოველმხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ექსტრემისტებისა და კრიმინალებისთვის ე.წ. "უსაფრთხო სამოთხის" შექმნას. ცინიზმია და სხვა არაფერი, რომ მაშინ, როდესაც თავად ეს სახელმწიფო ახდენს 21-ე საუკუნეში სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ღია აგრესიას მის წინააღმდეგ, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, შეწუხებით და მზრუნველობით საუბრობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სამხრეთ კავკასიაში. ვადასტურებ რა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი, მოვუწოდებ რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებისთვის ხელშეწყობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარება და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე გადაწყვეტილება", - წერს ალექსი პეტრიაშვილი Facebook-ში საკუთარ გვერდზე და აღნიშნავს, რომ ქართული მხარის ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ.

"გარწმუნებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს და დააჩქარებდა რუსეთთან სრულფასოვანი, კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, რისთვისაც მზაობა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა", - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩზე დაყრდნობით ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ გაავრცელა. იქამდე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტაბულაც წერდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული უარყვეს.

კომენტარები