ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

TI და ISFED: ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ევროსაბჭოს რეკომენდაციებს

netgazeti.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, "ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიიკური დისკუსიების განმავლობაში, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რაზეა საუბარი ევროსაბჭოს რეზოლუციაში". როგორც გიგაურმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, "რეზოლუციაში ჩამოთვლილია ყველა ის დადებითი მხარე და გამოწვევა, რომელიც არსებობს ქვეყანაში". მისი შეფასებით, "დღევანდელმა ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს რეზოლუციაში აღნიშნულ რეკომენდაციებს და საკითხებს".

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით კი, ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღნიშნული რეკომენდაციები "პირველად არ გვესმის". მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში, არაერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს ამ პრობლემებსა და რეკომენდაციებზე.

"მეტწილად, ეს რეკომენდაციები ემთხვევა ჩვენს პოზიციებს. მე ვფიქრობ, ძალიან არასწორი იქნება, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ეს არის უბრალოდ სარეკომენდაციო ხასიათის და მნიშვნელობას არ მიანიჭებს სამომავლოდ საკუთარი რეფორმების დაგეგმვის პროცესში", - თქვა ლომჯარიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე რეზოლუცია გუშინ გამოქვეყნდა. ტექსტში ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა ეჭვს გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და შერჩევით და რევანშისტულ სამართალს მიეკუთვნება. გენერალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო პატიმრობის მოთხოვნა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ევროსაბჭო ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას პატიმრობა არასაპატიმრო ზომებით შეცვალოს. რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა, ასევე, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებზეა საუბარი.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს უმცირესობების, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების, მიმართ შეუწყნარებლობა და დისკრიმინაციული ქმედებები. ასამბლეა მიიჩნევს, რომ დამნაშავეები არ უნდა იყვნენ შეწყნარებული და უნდა დაისაჯონ.

კომენტარები