ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ევროსაბჭოს რეზოლუცია უგულავას და კეზერაშვილის საქმეს მტკიცებულებად დაერთო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებად დაერთო. შესაბამისი შუამდგომლობა რიყის ტერიტორიის და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს საქმის ობიექტურ გამოძიებას. 

ბრალდების მხარის პროკურორმა განაცხადა, რომ დოკუმენტს შემხებლობა არ აქვს საქმესთან და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განმარტებით კი, დოკუმენტი საქმესთან უშუალო შემხებლობაში არ არის, თუმცა ირიბად უკავშირდება ბრალდებულებს, ვინაიდან მოხსენიებულები არიან. მოსამართლის განცხადებით, დოკუმენტი გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო და რადგან ბრალდებულებს უშუალოდ ახსენებენ, არ არსებობს წინაპირობა, რომ იგი საქმეს არ დაერთოს. 

შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია საქმეში ჩაიდება და სხვა დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთად გამოიკვლევენ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე რეზოლუცია გუშინ გამოქვეყნდა. ტექსტში ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა ეჭვს გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და შერჩევით და რევანშისტულ სამართალს მიეკუთვნება. გენერალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო პატიმრობის მოთხოვნა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ევროსაბჭო ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას პატიმრობა არასაპატიმრო ზომებით შეცვალოს. რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა, ასევე, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებზეა საუბარი.

კომენტარები