ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ღარიბაშვილი: ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი

ტაბულა

“მე გიმეორებთ, რომ არცერთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას არ დაუტოვებია პასუხგაუცემელი კითხვა. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, თუნდაც ახალაიას საქმეში. პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. გამჭვირვალედ მიმდინარეობს გამოძიება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 სექტემბერს, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

პრემიერის თქმით, ახალაია საკმაოდ მძიმე სამქმეებშია ბრალდებული, ამიტომ ის წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს. ამ საქმის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაკეთებულ ჩანაწერს ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის მცდელობად აფასებს, რომლის მიზანია, რომ შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა.

“ახალაია, მე შეგახსენებთ, არის ბრალდებული ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა ადამიანების წამება და არა მხოლოდ ეგ საქმე. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რომ როდესაც ადამიანი არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულებებში, ის უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. ასე რომ, ეს ჩანაწერი, ცხრა თვე, გადაცდა თუ არ გადაცდა, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის მცდელობაა და ევროპის სახალხო პარტიის სოლიდარობა იქნა გამოხატული”, - ამბობს პრემიერმინისტრი.

პრემიერის თქმით, ის ვერავისგან მიიღებს ბრალდებას, რომ სასამართლო პოლიტიკურად არის მოტივირებული. სასამართლოს თავისუფლების დასამტკიცებლად მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის გათავისუფლების ფაქტი მოიყვანა, რომელმაც ორი ადამიანი დააყაჩაღა.

"როგორ წარმოგიდგენიათ რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული? ამდენ  საქმეზე არის გამამართლებელი განაჩენი დამდგარი. რამდენიმე დღის წინ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა ორი ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არცერთმა ტელევიზიამ, როგორც მახსოვს. ეს პიროვნება, რომელიც ბრალდებული იყო ორი ადამიანის დაყაჩარებაში გადამტვრეული ბოთლით, სასამართლომ გამოუშვა და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, რომ, თითქოს, სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი. არის ისეთივე თავისუფალი და დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში. ისეთივე სტანდარტებით ვმუშაობთ ჩვენ და პროკურატურა და ხელისუფლება ზოგადად, როგორც გამოყენებული არის ნებისმიერ ევროპულ ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები