ეროსი კიწმარიშვილის საქმე

პროკურატურა ზურაბ კიწმარიშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ ცნობს

თბილისის პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის შუამდგომლობას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ არ აკმაყოფილებს. უწყების განმარტებით, პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისთვის, აუცილებელია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა. ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები კი არ ადასტურებს, რომ "ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით".

უწყების ცნობით, გარდაცვლილის ძმამ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს მიმართა შუამდგომლობით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის მასალების გაცნობის შესახებ. პროკურატურა აკმაყოფილებს შუამდგომლობას საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული უფლებით ისარგებლებენ ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტებიც.

"მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ პირის ცნობის ორ წინაპირობას: 1) ახლო ნათესაური კავშირი გარდაცვლილთან და 2) გარდაცვლილის მიმართ მესამე პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა, რის გარეშეც კანონი პირის დაზარალებულად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებული ასეულობით მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი ზურაბ კიწმარიშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება. აღნიშნული კანონით დადგენილ ვადაში განემარტა გარდაცვლილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს.

ამასთან, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს მიეცეს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა, რითაც მისთვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები. საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატს და ასევე მის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ე.კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე და გეგმავს საქმეზე მიმდინარე ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში მოახდინოს საქმის მასალების და გამოძიების შედეგების გასაჯაროება", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს ზურაბ კიწმარიშვილი აბაშიძის ქუჩაზე, ავტოფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები