ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

წულუკიანი: ახალაია აბსოლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია აბსოლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. აშშ-ში მყოფმა წულუკიანმა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალაიასთან მიმართებით კანონი არ დარღვეულა.

"ამჟამად, ბაჩო ახალაია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ივნისის თვიდან სერგო თეთრაძის საქმეზე. ივნისის თვიდან დღემდე არ არის ცხრათვიანი ვადა გასული და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთ მიმდინარე საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, კონსტიტუციური ცხრათვიანი ვადა დაღვეული არ არის, რადგან ჩვენი კანონი ამ ვადის ათვლას ყოველ ახალ საქმეზე თავიდან ითვალისწინებს. ამიტომაც, კანონი დაცულია. თუ ევროსაბჭოში ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელი პარლამენტარები თვლიან, რომ თვითონ კანონია უხარისხო და შესაცვლელია, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, ეს კანონი შეცვალოს, მაგრამ დღეს ჩვენი კანონი არ არის დარღვეული და ბაჩო ახალაია აბსლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. შესაბამისად, იმ ციხეში, სადაც ის ამჟამად არის", - განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხი. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ბაჩო ახალაის წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობაზე შეშფოთებას გამოხატავს და მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

კომენტარები