თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონის წევრები ზაზა დავითაიას ცემის ბრალდებით დააკავეს

ფარნაოზ ჭკადუას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება.

ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება.

დაპირისპირება გუშინ, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი თქმით, თავისუფალი ზონის წევრები გაზეთის რედაქციაში მიმავალს დაესხნენ თავს. გოგოხიასა და ჭკადუას ადვოკატის თქმით, მათ დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტიდან 2 საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს.

თავისუფალი ზონის ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა. მმართველი პარტიის მტკიცებით, ყველა ორგანიზაცია თუ პიროვნება, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ჩაიდენს, დაისჯება. ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ორგანიზაციაზე თავდასხმა ხვალაც იგეგმება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდა.

კომენტარები