თავისუფალი ზონა

ბოკერია: ივანიშვილის გუნდს ძალადობა ოფისებში შევარდნის საფეხურზე გადაჰყავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ივანიშვილის მთავრობა სახიფათო ზღვარს გადავიდა". როგორც ბოკერიამ თავისუფალი ზონის ოფისთან განაცხადა, ენმ-ის გზავნილია, ხელისუფლებამ შეწყვიტოს ძალადობის ესკალაცია. 

"ივანიშვილის გუნდს, ამ პოლიტიკური მოვლენების გუნდს, ის ძალადობა, რასაც ვხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახალ - ოფისებში შევარდნის საფეხურზე გადაჰყავს. ეს არის ძალიან სახიფათო გზა, პირველ რიგში ივანიშვილისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ამას აორგანიზებს და, სამწუხაროდ, მთელი ქვეყნისთვის. ჩვენი გზავნილი არის სწორედ ეს, სანამ დროა, მოვიდნენ გონს, გონს მოეგონ და შეწყვიტონ ძალადობის ესკალაცია, რომელსაც აბსოლუტურად შეგნებულად ეწევიან და რომელშიც, სამწუხაროდ, პოლიციაც ირიბად ჩაითრიეს, როდესაც პოლიციის თვალწინ შევარდნენ ორი დღის წინ თავისუფალი ზონის ოფისში. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თავისუფალი ზონის ოფისთან თავისუფალი თაობის და გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ზაზა დავითაიას ცემას აპროტესტებენ და ორგანიზაცია თავისუფალი ზონის გაუქმებას ითხოვენ. იქვე იმყოფებიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები.

ამასთან, თავისუფალი ზონის ოფისთან იმყოფებიან ორგანიზაციის წევრები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც. 

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება. ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება.

დაპირისპირება 30 სექტემბერს, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტიდან 2 საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს.

ამასთან, გუშინ ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ დაკავებულ გოგოხიას და ჭკადუას პოლიციაში სცემეს.

კომენტარები