თავისუფალი ზონა

აბაშიძე: მივმართავ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი დაპირისპირებისგან

timer.ge

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის არეულობას ან ძალადობას წარმოქმნის, პასუხისგებაში მიეცემა. სახელმწიფო თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ზურაბ აბაშიძემ თავისუფალი ზონის ოფისში სამშაბათს, 30 სექტემბერს, ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ ყველანაირი დანაშაული, ნებისმიერი არეულობა, უნდა იყოს აღკვეთილი. მე დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები საკმაოდ ეფექტურად გაართმევენ ამას თავს. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ჯგუფი, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს განზრახული, რომ რაიმე ტიპის არეულობა ან რაიმე ტიპის დაპირისპირება წარმოშვას, ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდეს, პირდაპირ ვამბობთ, რომ იქნება მიცემული პასუხისგებაში. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ესეთი ტიპის ძალადობებთან, რომელსაც, შეიძლება, აქვს გარკვეულწილად ადგილი ან მომავალში ვინმეს ექნება მცდელობა. ამიტომ, პირდაპირ მივმართავ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი დაპირისპირებისგან”, - ამბობს აბაშიძე.

ვიცესპიკერის თქმით, მას არ გააჩნია ინფორმაცია 2 ოქტომბერს თავისუფალ ზონაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, არშემდგარ თავდასხმაზე კომენტარის გაკეთება აბსურდია. 

“რანაირად, რა თავდასხმაზე?! წინასწარ ვინმე რაიმე თავდასხმას გეგმავდეს და აცხადებდეს, რომ ხვალ წავალ რაღაცას დავესხმები თავსო, მე არ გამიგია ეგეთი რამე. ეს აბსურდია და აბსურდებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - ამბობს აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძემ კომენტარი ზოგად კრიმინოგენურ ვითარებაზეც გააკეთა. მისი თქმით, დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, თუმცა, ადრე შემთხვევები აქტიურად არ შუქდებოდა, დღეს კი მდგომარეობა შეცვლილია.

"წლების განმავლობაში დანაშაული ხდებოდა, წელსაც ხდება, გასულ წელსაც ხდებოდა და გაისადაც მოხდება. მაგრამ ამის გაშუქების ელემენტები იყო საკმაოდ დაბალი. დღეს მედიის თავისუფლების ხარისხი საკმაოდ მაღალია. სტატისტიკა არსებობს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და მე ამით ვამაყობ. მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური შემადგენელი ჩვენი დემოკრატიულობის და წინსვლის. ასე რომ, ის კრიმინალი, რომელიც ხდება, ძალიან სამწუხაროა რომ ხდება და მომავალშიც შეიძლება მოხდეს, ჩვენ არა გვაქვს არაფერი დასამალი, უბრალოდ, უტრირება არ შეიძლება თემების”, - აცხადებს აბაშიძე.

კომენტარები