თავისუფალი ზონა

ბეჟაშვილი: გუშინდელი ინციდენტი ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის შედეგია

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თავისუფალი ზონის ოფისში 30 სექტემბერს ღამით მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შსს-სთვის წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი. მისივე ინფორმაციით, თავისუფალი თაობის წევრები თავისუფალი ზონის წევრებზე თავდასხმას ხვალაც გეგმავენ.

"საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ მზადდებოდა ძალადობრივი აქცია და ჩვენ მომსწრენი გავხდით იმ მოვლენების, რომელიც გუშინ განვითარდა. შევახსენებ საზოგადოებას, რომ თავისუფალი ზონა იმყოფებოდა თავის ოფისში. თავისუფალი თაობის წარმომადგენლები მიუვარდნენ მათ ხელკეტებით, “დუბინკებით” შეიარაღებულები და ცდილობდნენ ძალადობის განხორციელებას თავისუფალი ზონის წევრებზე”, - ამბობს ბეჟაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მომხდარს აფასებს, როგორც ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი პოლიტიკის შედეგს.

“ბუნებრივია, ეს არის შედეგი იმ ძალადობრივი, ზიზღის პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. ამან მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რომელიც დღეს არის შექმნილი. დემოკრატიული და კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. ნაცვლად ქვეყანაში პრობლემებზე ზრუნვისა, ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით”, - განაცხადა ბეჟაშვილმა და შსს-ს თავისუფალი ზონის წევრებისადმი მოსალოდნელი ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ოპოზიცია ვერ მიიღებს მუქარას და ძალადობას საქართველოს ინტერესების მტრებისგან, ამიტომ ეცდება, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები.

“ჩვენ გუშინ შევატყობინეთ 112-ის საშუალებით შსს-ს ხელმძღვანელობას, რომ, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაციები როგორც დღეს, ასევე იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც თავისუფალი ზონის წევრების წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. Facebook-ზე უკვე ანონსდება ხვალინდელი ძალადობრივი აქციები თავისუფალი ზონის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა შსს-ს ეკისრება. თუ ისინი პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, შევეცდებით ჩვენი თავი ჩვენი ძალებით დავიცვათ”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თავისუფალი თაობის საქმიანობა შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ეკლექტური შემადგენლობის მქონე, ხელისუფლების დაკვეთით და დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების ძალადობის გზით შევიწროვება ევალება.

“შემადგენლობა არის საკმაოდ ეკლექტური. არის ქართული ოცნების წარმომადგენლები, ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წარმომადგენლები. არის წითელაშვილი - გაუგებარი ელემენტი, რომელსაც საზოგადოებამ პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ არ დააკისრა იმ მოვლენებზე, რომელიც მას აფხაზეთში მიუძღვის. არიან გიორგაძის პარტიის წარმომადგენლები. ყველა ის ძალაა შეკრებილი, რომელსაც ერთ დროს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებში პასუხისმგებლობა მიუძღვის”, - ამბობს ბეჟაშვილი.

ცნობისთვის, თავისუფალი ზონის წევრი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ფარნაოზ ჭკადუას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება. ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება.  

დაპირისპირება გუშინ, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტიდან 2 საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს.

თავისუფალი თაობის წევრები გუშინვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. ისინი ფიზიკური დაზიანების მიყენებაში ოპონენტ ორგანიზაციას ადანაშაულებენ.

კომენტარები