ზურაბ ჟვანიას საქმე

პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზა როდის ჩატარდება. ცნობილია, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ სახელდება.

ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახი ცხედრის ექსჰუმაციაზე თანხმობას აცხადებს. ზურაბ ჟვანიას ძმის განცხადებით, ის ყველა საგამოძიებო პროცესს მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც პროცესის დაწყებამდე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე იგი დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროკურატურამ წარმოადგინოს FBI-ის დასკვნა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მიხეილ ძაძამიას ადვოკატის, გელა ქენქაძის თქმით კი, დღეს იგი დააყენებს შუამდგომლობას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. კერძოდ, ადვოკატი ძაძამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც გელა ქენქაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დღეს იგი დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროკურატურის მასალებიდან დაუშვებლად იქნას ცნობილი youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც ზურაბ ჟვანიას სხეულზე დაზიანებებს ასახავს.

ხარშილაძესა და ძაძამიას ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ.

კომენტარები