ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა

infocaucasus.com

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა.  ქალაქის სამმართველოში კომპლექსური ბალისტიკური ექსპერტიზა გარდაცვლილის ავტომობილში ჩატარდა. ექსპერტიზაში კინწმარიშვილის მსგავსი პარამეტრების ადამიანი მონაწილეობდა. ის ჩასვეს ავტომობილში და განსაზღვრეს, როგორ გაისროლეს ტყვია და რა მდგომარეობაში იყო კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

ექსპერტიზას ეროსი კიწმარიშვილის ძმაც ზურაბ კიწმარიშვილიც ესწრებოდა. ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ კიწმარიშვილი ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა. 

"ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მთლიანად მიბჯენილი იყო ზურგითაც და თავითაც. ეს სხვა ვითარებაზე მაფიქრებინებს. გარდაცვლილის გარდა მანქანაში იყო პიროვნება, რომელიც ღვედით ან რაიმე სხვა საშუალებით უკნიდან ექაჩებოდა და ცდილობდა გარდაცვლილი კონტროლში ჰყოლოდა, შემდეგ კი სხვადასხვა რაღაც მოემოქმედებინა" - განმარტავს ზურაბ კინწმარიშვილი.

საგამოძიებო პროცესს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილიც ესწრებოდა. მას კითხვა მანქანაში ჩამოწეულმა სამზეურებმა გაუჩინა. ალთუნაშვილს აინტერესებს, რა საჭირო იყო სამზეურების ჩამოწევა მაშინ, როდესაც მანქანა მიწისქვეშა ავტოფარეხში იდგა. 

ეროსი კიწმარიშვილის საქმეში დარჩენილია კიდევ ერთი ექსპერტიზა. უხილავი კვალის ექსპერტიზა ღამის საათებში უნდა ჩატარდეს. 

საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში და რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 15 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. 

კომენტარები