ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აბანოთუბანში, მირზა შაფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია შპს „აპოლი გ.ს.“ მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსი, პროექტი სამეფო ბაღი, კანონის უხეში დარღვევით ხორციელდება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა მელიამ აღნიშნა, კანონმდებლობის თანხმად, საწყის ეტაპზე, პროექტს განიხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კერძოდ კი, მასთან არსებული არქიტექტორული საბჭო.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უარი უთხრა კომპანიას, თუმცა, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კანონის სრული იგნორირებით, მაინც დააკმაყოფილი კომპანიის თხოვნა. ახლა ჯერი თბილისის მერიაზეა", - აცხადებს მელია და აღნიშნავს, რომ თავის დროზე არსებობდა სრულიად სხვა პროექტი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მალულად შეცვალა. მისივე თქმით, "ამ დონის მავნებლურ გადაწყვეტილებას" კულტურის სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და ინტერესი ამ პროექტში.
„ისტორიულად ყველაზე გამორჩეულ უბანში, აბანოთუბანში კულტურის სამინისტრომ შეითანხმა და დაამტკიცა ურბანული დანაშაულის ტოლფასი პროექტი, რომლის მიხედვითაც აქ უნდა აიგოს მრავალსართულიანი კომპლექსი, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია ძველი თბილისის კონტექსტიდან“, - ამბობს ნიკა მელია. იგი დედაქალაქის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ეს პროექტი საჯაროდ განხილოს და არა ისე მალულად, როგორც კულტურის სამინისტრომ გააკეთა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის მიერ პანორამა თბილისის პროექტის ყოველგვარი ნებართვების გარეშე დაწყებაც გაიხსენა. პარტიის შეფასებით, ეს სიტუაცია ჰგავს 90-იან წლებს, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის ჯიბეებში მიდიოდა.
"შეიცვალნენ მხოლოდ მოქმედი პირები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხები ქართული ოცნების მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდის", - აცხადებს მელია.





