საჯარო სამსახური

ISFED: მერიამ 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით 155 ადამიანი გაათავისუფლა

ქ. თბილისის მერიამ მისი დაქვემდებარებული სამსახურებიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით 155 ადამიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს. 
 
მერიის მიერ ISFED-თვის მიწოდებული ინფორმაციით, უწყებიდან 115 ადამიანის გათავისუფლების მიზეზი პირადი განცხადებაა, 32 ადამიანის - ვადის გასვლა, 5 ადამიანის - დისციპლინური პასუხისმგებლობა, 3 თანამშრომელი კი "სხვა საფუძვლით" გათავისუფლდა.
 
„პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს შორის არიან საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსები, საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსები, მერის აპარატის უფროსები, შტატგარეშე მოსამსახურეები, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა,“ - წერია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
გათავისუფლებული პირების სახელები და გვარები კი მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რაიონების ყოფილი გამგებლების გარდა, პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია და ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს არ მიაწოდა.
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) თბილისის მერიისგან გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია 8 სექტემბერს გამოითხოვა. 
 
შეგახსენებთ, რომ სამართლიანმა არჩევნებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2014 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა განცხადება ქ. თბილისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე.
 
"მოქალაქეთა განცხადებით, 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის "ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც... იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება  აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსი 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია "პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების 12 სექტემბრის განცხადებაში.

კომენტარები