აშშ-საქართველოს ურთიერთობა

აშშ-ის საელჩო მეამბოხეების გაწვრთნაზე შეთავაზებას არც ადასტურებს, არც უარყოფს

საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. საელჩო ხსენებულ ინფორმაციას არც ადასტურებს, არც უარყოფს. განცხადება სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

"ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფისი და თავდაცვის სამინისტრო უკეთ გიპასუხებენ, რა წვლილს შეიტანს საქართველო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ძალისხმევაში. 
შეერთებული შტატების პოზიციასთან დაკავშირებით გთხოვთ, გაეცნოთ თავდაცვის მდივან ჰეიგელის განცხადებებს, რომელიც მან თბილისში ყოფნისას გააკეთა. მდივანმა ჰეიგელმა საერთაშორისო ტერორიზმთან აქამდე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს მადლობა გადაუხადა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტაბულამ ამერიკაში საქართველოს საელჩოს მიმართა. საელჩოს ვკითხეთ, მოითხოვდა თუ არა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე Foreign Policy-სგან სტატიის კორექტირებას და/ან ბოდიშის მოხდას. ტაბულას შეკითხვაზე საელჩოს არ უპასუხია. 

საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის ინფორმაცია სამშაბათს 23 სექტემბერს ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ გაავრცელა. გამოცემას ეს ინფორმაცია სწორედ არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა. მოგვიანებით, გეგეშიძემ გამოცემა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, ხოლო გამოცემის რედაქციამ შეცდომის დაშვება უარყო

ინფორმაცია არ დაადაასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა. აშშ-ის საელჩოს მსგავსად, მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ არც დაადასტურა, არც უარყო. 

Foreign Policy-ს გარდა, საქართველოს ინიციატივის შესახებ ინფორმაცია Reuters-ზე დაყრდნობით New York Times-მაც გაავრცელა.

კომენტარები