აშშ-საქართველოს ურთიერთობები

სირიელი მეამბოხეების წვრთნა უსაფრთხოების საბჭომ უარყო, თავდაცვამ არა

thedailybeast.com

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება.

დღესვე, ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს.

გეგეშიძის თქმით, საქართველომ ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა, თუმცა, ოფიციალური დასტური თეთრი სახლისგან არ მიუღია. მისივე განმარტებით, ცენტრი არა მხოლოდ სირიელ მეამბოხეებს, არამედ ჯიჰადისტებთან მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან გაწვრთნის. "ეს კონტრტერორიზმის საწვრთნელი ცენტრი იქნება ნებისმიერი ეროვნებისთვის", - აღნიშნავს გეგეშიძე.

უშიშროების საბჭო 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება."

"საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში. ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF -ის ოპერაციაში. რაც შეეხება IS-ის („ისლამური სახელმწიფოს") წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით." - განმარტულია განცხადებაში. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და NATO-სთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში". უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს და აღნიშნეს, რომ "საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზა ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას".

ტაბულამ ინფორმაცია საქართველოს შეთავაზებაზე მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ინფორმაცია უარყვეს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ კი თქვა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ღირდა, რადგან ეს სრული აბსურდი და ჭორია. 

კომენტარები