ე.წ. კანონიერი ქურდები

ენმ: მთავრობამ ციხეებში კონტროლი მთლიანად გადააბარა ქურდებს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, გადაცემა "განხვავებულ აქცენტებში" გასული სატელეფონო ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "სასჯელაღსრულების სისტემას მთლიანად მართვენ კრიმინალური ავტორიტეტები და არა სახელმწიფო". რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ამბობენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას კვლავ ისინი აკონტროლებენ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, "დუმილის უფლება, რომელსაც უკვე მესამე დღეა იყენებს მთავრობა, მიუთითებს, რომ ჩანაწერები ავთენტურია, სასჯელაღსრულების სამინისტრო უუნარო და სიტუაცია საგანგაშო".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად და იდეოლოგად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს.

"ეს ადამიანი, სოლოლაკის შუშის სასახლიდან სწორედ ქურდული ტრადიციების სრული დაცვით მართავს სახელმწიფოს. არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთან და საკუთარ მთავრობასთან. საზოგადოებას კი მოუწოდებს გაგებით მოეკიდოს მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ძარცვა-დაუთოვებას. ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის კონტროლის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას, ამის დასტურია გასულ კვირას საეჭვო გარემოებებში 3 პატიმრის გარდაცვალება. ციხის გარეთ კრიმინალურ ჯგუფებთან გარიგებები, გახსენებთ რემენას, ლავასოღლის მაგალითებს, პროკურორის მანქანის დაწვას, ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლება იწვევს დანაშაულის ზრდას, ძალადობას, რეკეტს, ქუჩის გარჩევებს, დაშინებებს, პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას და ჩამოშლას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე", - აცხადებს ნადირაშვილი და აღნიშნავს, რომ "უუნარო პრემიერმინისტრი, უსუსური და ქვეყნის სასაცილოდ ქცეული შინაგან საქმეთა მინისტრი 90-იანი წლების კადრებით და რეიდებით ცდილობენ კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციას. პრობლემის დამალვა და უგულებელყოფა, სტატისტიკის გაყალბება ამ მთავრობის საფირმო ნიშნად იქცა".

როგორც დეპუტატმა დღევადელ ბრიფინგზე აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ ახალ ხელისუფლებას აღმოეფხვრა ციხეებში არსებული პრობლემები და შეექმნა ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი, სახეზეა მეორე უკიდურესობა.

"მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად გადააბარა ქურდებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს: დაიწყოს გამოძიება პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. ყველა პირს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს აღნიშნულ დანაშაულში, გამოძიების პერიოდში შეუჩერდეს უფლებამოსილება. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში, შექმნილ სიტუაციაზე პასუხების გასაცემად", - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები