მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მაჩვენეთ სხვა პრეზიდენტი, რომელსაც უფრო პატარა სახლი აქვს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ს პირდაპირ ეთერში მის ოჯახის ქონების დაყადაღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი შეეხება 2 ჰექტარამდე მიწას ყვარელში, 75 კვ. მ. ფართობის სახლს, ასევე ბინას თბილსში, რომელის 90-ან წლებში სანდრა რულოვსს მამამისმა უყიდა, ბებიის მშენებარე ბინას და ძველ მანქანებს.

"ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს, პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არც ერთ თეთრს საკუთარ თავსა და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია – ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ეთერში ივანიშვილის რეზიდენციისა და საკუთარი აგარაკის ამსახველი ფოტოები აჩვენა. „ეს არის ბანდიტიზმით, ყველაზე დიდი ძარცვით 90-ანი წლების მსოფლიოში, როდესაც გაიძარცვა უზარმაზარი ქვეყანმა, ყოფილი საბჭოთა კავშირი... ეს სახლი შენდება ამ ძარცვით. და ეს არის (საკუთარ სახლზე), რაც იქმნება პატიოსანი შრომით", - თქვა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მისი მეუღლე და შვილი „შეიძლება ყოველდღიურად გააგდონ საკუთარი სახლიდან და მათი გაჩერება შეუძლებელი ხდება".

„წყალსაც წაუღია ეს ქონება, ჩემთვის სკამი არაფერს ნიშნავს, ეს სახლი არაფერს ნიშნავს - მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პირად ემოციებს. რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული ისაა, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესი. საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება, საქართველოში ხდება ის დეგენერატიზმი და მარაზმი, რაც დღეს ხდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დეღეს ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქონება დაყადაღებულია. გამოძიებამ დააყადაღა მეუღლის - სანდრა რულოვსის, დედისა და ბებიის ქონებაც.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "რადგან ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას".

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მასზე ქვეყნის შიდა ძებნა აგვისტოში გამოაცხადა. სააკაშვილს კიდევ 2 ბრალი ვალერი გელაშვილის ცემის საქმესა და ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა.  

კომენტარები