სააკაშვილის ქონება

ადვოკატი: სასამართლოს განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა მისმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.

"2014 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონებაზე ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააყადაღა მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია. აგრეთვე ყვარლის სახლი, საცხოვრებელი ფართით -75კვ.მ.

სასამართლოს განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილის ქონება და შემდეგ წერია: "სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადების და შუამდგომლობის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების როგორც საფუძვლები, ასევე მიზანი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს". გაუგებარია, თუ რა არის მიზანი ან სამართლებრივი საფუძველი და რა მტკიცებულებების და მონაცემების საფუძველზე იყო მიზანშეწონილი აღნიშნული ქონებისთვის ყადაღის დადება.

გარდა ამისა, პროკურატურამ განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნათესავების ქონებაზეც დაედოთ ყადაღა.

სააპელაციო სასამართლოს მათ წარუდგინეს ისეთივე დაუსაბუთებელი მსჯელობა, რაც საქალაქო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დააყადაღა მიხეილ სააკაშვილის:

- ბებიის, მზია წერეთლის 500 კვ.მ ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომანქანა ტოიოტა რავ4;

- დედის, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული, 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში;

- მეუღლის, სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში;

- ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში;

-17 წლის ჰონდა აკორდს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება ქონების გაფლანგვა და არა მითვისება, არავითარი კავშირი მისი ან მისი ნათესავების ქონებასა და რაიმე დანაშაულს შორის არ განიხილება და ამ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ყადაღის დადების შესახებ არის უბრალოდ გაუგებარი.

ჩვენთვის, უბრალოდ, შეუძლებელია სასამართლოს მოტივაციის დადგენა, რადგან განჩინებაში დასაბუთება ფიზიკურად არ მოიპოვება. შესაბამისად, გვრჩება ერთადერთი გზა, ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახზე პრიმიტიულ შურისძიებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით", - თქვა კახიძემ.

კახიძე აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - "თუ სისხლის სამართლის კოდექსი ასე განმარტავს, უკვე აზრი ეკარგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას, მივმართავთ სასამართლოს, რამდენად კონსტიტუციურია ეს მუხლი". ადვოკატმა, შესაძლოა, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოსაც მიმართოს.

კომენტარები