სააკაშვილის ქონება

მიხეილ სააკაშვილის ქონება დააყადაღეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქონება დაყადაღებულია. გამოძიებამ დააყადაღა მეუღლის - სანდრა რულოვსის, დედისა და ბებიის ქონებაც.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ დაყადაღებულია, მათ შორის, ყვარლის 2ჰა-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთი, ბებიის საკუთრებაში მყოფი 500 კვ.მ სოფელ ნატანებში და ტოიოტას ფირმის მანქანა, სანდრა რულოვსის საკუთრებაში მყოფი ბინა და მანსარდა ბარნოვის ქუჩაზე.

კახიძე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას სააკაშვილის ოჯახის მიმართ.

"განჩინებაში წერია - "სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების როგორც საფუძვლები, ასევე მიზანი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს". მაგრამ რა არის ეს მიზანი და რა არის საფუძველი, განჩინებაში არ წერია. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება ქონების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. არანაირი კავშირი დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის ფიზიკურად, უბრალოდ, არ არსებობს.

ან ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაული, შემდეგ უნდა მოხდეს ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება. უნდა დასაბუთდეს, რატომ ხდება ეს. არანაირი დასაბუთება განჩინებაში არ წერია. ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას სააკაშვილის ოჯახის მიმართ", - ამბობს კახიძე.

კახიძის თქმით, სასამართლოს განჩინება ვეღარ გასაჩივრდება. "სააპელაციომ დააყადაღა და თქვა, აღარ საჩივრდებაო", - ამბობს კახიძე.

კახიძე აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - "თუ სისხლის სამართლის კოდექსი ასე განმარტავს, უკვე აზრი ეკარგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას, მივმართავთ სასამართლოს, რამდენად კონსტიტუციურია ეს მუხლი". ადვოკატმა, შესაძლოა, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოსაც მიმართოს.

კომენტარები