მიუსაფართა თავშესაფარი

მიუსაფართა თავშესაფარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად, მერია ააშენებს

მიუსაფართა თავშესაფარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად, თბილისის მერია ააშენებს. დავით ნარმანიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ახალი თავშესაფარი აშენდება, ე.წ. კარვების ქალაქი დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები თავშესაფარში გადავლენ. ამის შესახებ ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსით, თავშესაფრის მშენებლობა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გახდა. 

"აქედან გამომდინარე, საპროექტო სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ შეასრულა, ჩვენ გადმოგვეცა გასულ კვირას. შესაბამისად, გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს მშენებლობაზე, რომ სწრაფად დავიწყოთ ახალი თავშესაფრის მშენებლობა", - განაცხადა ნარმანიამ.

მინისტრთა კაბინეტმა დღეს 36 საკითხი განიხილა. მათ შორის ერთი საიდუმლო იყო. მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანიაც. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ნარმანიამ ისაუბრა, 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალს უკავშირდება. მისი თქმით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება.

კომენტარები