კრიზისი უკრაინაში

უკრაინამ აშშ-სგან განსაკუთრებული სტატუსი და შეიარაღება ვერ მიიღო

შეერთებული შტატები უკრაინას მოკავშირეობის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიანიჭებს, ამის შესახებ, როიტერის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოროშენკოს განმარტებით, უკრაინასთან ამერიკის თანამშრომლობის უკვე მოქმედი სტატუსი, სტრატეგიული პარტნიორობა, მოკავშირეობაზე უფრო მაღლა დგას. პოროშენკომ და ობამამ უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს. ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

"სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ვხედავთ რუსულ აგრესიას, რომელიც ყირიმში დაიწყო და აღმოსავლეთ უკრაინაში გაგრძელდა. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდეტ პოროშენკოს, რომელმაც მიაღწია არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, არამედ საკმაოდ რთული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აღმოსავლეთის მცხოვრებთა წარმომადგენლობას და ადგილობრივ საქმეებში მათ მონაწილეობას გაზრდის. ეს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის და სამშვიდობო პროცესის ერთადერთი გზაა. იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 12 დღე გრძელდება, რეალურ მშვიდობას მოიტანს", - განაცხადა ობამამ.

მედიის ცნობით, ამერიკაში ვიზიტისას პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონისგან იარაღის მოწოდების პირობა ვერ მიიღო. თუმცა, ამერიკა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს, თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, კიევს ამ მიზნით სულ 116 მილიონი დოლარი გამოეყოფა, რომელიც საზღვრის დაცვის გაძლიერებას და უსაფრთხოებას ძალების წვრთნას მოხმარდება.

ამერიკასთან ურთიერთობის განსაკუთრებული სტატუსი პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა. გამოსვლა 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინელი ჯარისკაცები მსოფლიოში დემოკრატიისთვის იბრძვიან და ქვეყანას ამერიკის და ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა სჭირდება. მისი განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ, რომელსაც მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს.

"თებერვალში, როდესაც მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინას თავისუფლებას ვერავინ წაართმევს, გარე აგრესორმა ჩვენი ტერიტორიის წართმევა დააპირა, ყირიმის ანექსია თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ღალატია. არცერთ შემთხვევაში ჩვენ ყირიმის ოკუპაციას არ შევეგუებით. უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არის საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, ნაციონალისტური რადიკალური და ექსტრემისტული მოძრაობები, საერთაშორისო შეთანხმებების ეროზია, ეროვნული იდენტობის წაშლა, ყველა ეს საშიშროება ევროპას ემუქრება. თუ მათ არ შევაჩერებთ, ისინი ევროპის საზღვრებს გასცდებიან და მთელ მსოფლიოს მოედებიან. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, უკრაინულ დემოკრატიას მხოლოდ საკუთარი ძლიერი არმიის იმედი უნდა ჰქონდეს. მომავალ წლებში ძლიერი არმიის მშენებლობა ჩვენი დემოკრატიის ეგზისტენციალური ტესტი იქნება", - განაცხადა პოროშენკომ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ჩამოთვლილი ქვეყნები შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ. ამის შესახებ საუბარია უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტში, რომლის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, აშშ-ს შესაძლებლობა ექნება, რუსულ სამხედრო და ენერგო კომპანიებს სანქციები დააკისროს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. კანონპროექტი, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში $10 მილიონის გამოყოფას გულისხმობს.

საბოლოოდ დამტკიცებამდე კანონპროექტმა წარმომადგენლობითი პალატა უნდა გაიაროს და სენატში დაბრუნდეს, შემდეგ კი, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნოს. 

კომენტარები