ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

მაჭავარიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ყველა პროცესს მართავს ივანიშვილი

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "დღეს ყველა პროცესს რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი". როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ივანიშვილი "უბრალოდ გასულია კონსტიტუციური სივრციდან, რომ  პასუხისმგებლობა არ აიღოს იმ კრიმინალის ზრდაზე, ეკონომიკის ვარდნასა და უმუშევრობის ზრდაზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და იმ დაპირებების არშესრულებაზე, რომლებიც ძალიან უხვად დაარიგა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს.". ასევე, დეპუტატი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტთან დაახლოებას ცდილობს.

"რა თეორიები, რა წიაღსვლები, რა გადაბირებები, რა გადმობირებები, ადამიანი პოლიტიკურად უნდა ფასობდეს, რომ მისი გადაბირება გინდოდეს. მე მესმის, რატომ იწყება ყოველი მეორე აბზაცი ნაციონალური მოძრაობით - როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი, რომ იმდენად ბევრ შეცდომას უშვებს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოზიციები მყარდება. გადაბირებულია უკვე პრეზიდენტი, დაავიწყდათ, გამოეპარათ ეს ყველაფერი. ესე იგი, იმდენად აბსურდის თეატრში შევიდნენ და იმდენად გადაბირება არა, მაგრამ გაბაიბურდა პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი, აი, ამ ყველაფრით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რომ მე ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემებია, ვიდრე აი, ეს გაბაიბურება მართლაც პრეზიდენტის ინსტიტუტის", - განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ "დღევანდელმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ნული კი არა, ნულის იქით წასულიყო". მისი თქმით, დღეს შეიძლება ვიღაცა თვლიდეს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ზენიტშია, "მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ზენიტში კი არა, თავის კაბინეტშიც არ ზის წესიერად".

გარდა ამისა, მიხეილ მაჭავარიანმა რუსთავი 2-ს მიულოცა, რომ მარტო აღარ არის და შეუერთდა სამი ტელევიზია.

"ეს რუსთავი 2-ის დიდი წარმატებაა, მან შეძლო და გადაიბირა ეს სამი ტელევიზია", - აღნიშნა დეპუტატმა.

ცნობისთვის, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის სხვა მედიასაშუალებები "უფრო მძიმეა", ვიდრე რუსთავი 2, რადგან მაესტრო, პირველი არხი და იმედი "პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს", რასაც წამოსწევს რუსთავი 2. ივანიშვილის თქმითვე, მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა და მისი კრიტიკა შეიძლება.

კომენტარები