ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პრემიერი: ძალიან კარგია, თუ ბიძინა ივანიშვილმა მედია გააკრიტიკა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, კარგია, თუ ბიძინა ივანიშვილმა მედია გააკრიტიკა. მისი თქმით, ჟურნალისტები არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ და კრიტიკის გარეშე დარჩნენ. ცნობისთვის, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის სხვა მედიასაშუალებები "უფრო მძიმეა", ვიდრე რუსთავი 2, რადგან მაესტრო, პირველი არხი და იმედი "პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს", რასაც წამოსწევს რუსთავი 2. ივანიშვილის თქმითვე, მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა და მისი კრიტიკა შეიძლება.

"ძალიან კარგია, თუ გააკრიტიკა მედია, როცა საჭიროა. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ, როდესაც მედია არის გასაკრიტიკებელი, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამას, თქვენ არ ხართ ხელშეუხებელი საზოგადოება და არ ხართ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ და ჩვენგან არ მოისმინოთ კრიტიკა. თუ ხართ არაობიექტურები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მიგითითოთ, რომ თქვენ ხართ არაობიექტურები ამ შემთხვევაში, სიტყვაზე, და მე ამაში ვერ ვხედავ ვერაფერ წინააღმდეგობას და პრობლემას. როდესაც ჩვენ ვართ არაობიექტურები, მთავრობის წარმომადგენლები, თქვენ ხო გვაკრიტიკებთ და როდესაც თქვენ ხართ არაობიექტურები, ჩვენ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ მიგითითოთ, როგორც მინიმუმ", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები