ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: როგორც სააკაშვილი არ არის პოლიტდევნილი, ისე მედიაზე ზეწოლა არ არის

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მისი თქმით, "ის ხალხი, ვინც მედიასფეროში მუშაობს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, საზოგადოების წევრები და ისინიც ასევე უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსაც და, თუ გნებავთ, კრიტიკასაც". როგორც ივანიშვილი კვირის პალიტრასთან საუბარში აღნიშნავს, როდესაც ის ან დღევანდელი  მთავრობის რომელიმე წევრი მედიას აკრიტიკებს, "მაშინვე ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი, თითქოს მედიაზე ძალადობა ხორციელდება". ყოფილი პრემიერის განცხადებით, "მე მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება გავაკეთებ იმას, რომ მედია იყოს თავისუფალი ხელისუფლებისგან". 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა მედიის საქმიანობაში და ძალადობს მასზე. ასევე, ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ უნდა გაბედოს მედიის საქმიანობაში ჩარევა და ყველამ მოთმინებით უნდა აიტანოს კრიტიკა მედიის მხრიდან.

"თუმცა ვერ მოხდება ის, რომ ტაბუ დაადონ მედიის თემას - არ შეეხოთ, არ გააკრიტიკოთო. ახლავე ვაფრთხილებ ყველას - შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, რა არის დღევანდელი მედია, ვინ ვინ არის (მეპატრონეები თუ ჟუნალისტები)... როგორც სააკაშვილი არ არის პოლიტიკურად დევნილი, ისე მედიაზე ზეწოლის არცერთი ფაქტი არ ყოფილა არც ჩემი მთავრობის და არც დღევანდელი მთავრობის დროს. ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც უნდა მსახურობდეს ის და რა პოზიციაც უნდა ეკავოს, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება და თუ ეს ხდება და ამ დროს მედიის თავისუფლებას თავს არავინ ესხმის, ეს იდეალური სურათია. თუ ამას მთავრობის წევრი ბედავს (კრიტიკას) და არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ მან შეიძლება მედიაზე ზეწოლა მოახდინოს, ან უკვე მოახდინა, ესე იგი, მას სუფთა ზურგი აქვს, ის იწვევს მედიას, რომელსაც შეუძლია უპასუხოს. დღეს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მედიასაშუალებას მთავრობის წევრისთვის პასუხის გაცემის უფლება არ აქვს. არავინ იფიქროს, რომ ჩემს ამ განცხადებაში კიდევ რაღაც მუქარაა, ღმერთმა დამიფაროს, პირიქით", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმითვე, "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მედიაში პროფესიონალიზმი გაიზარდოს, უფრო ობიექტური გახდეს, რადგან საზოგადოებაში მედიას ვერავინ ჩაანაცვლებს". ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებს ჰყავთ მესაკუთრეები და მედია კერძო ბიზნესია.

"კერძოს შეიძლება ჰქონდეს მიკერძოებული დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი. ჩემი მხრიდან მეტი არაფერი იქნება ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ დავაფიქსირო, თუ გამოჩნდა, რომ კერძოს მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს კონკრეტული საკითხისადმი. რა თქმა უნდა, საკამათო იქნება და უნდა ვიკამათოთ. მთავარია, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და საზოგადოებაში მედიაზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ კრიტიკული შენიშნვნის გამოთქმა, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა, რომელსაც კრიტიკა არ სურდა, ლამის მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და კატასტროფისკენ მიყავდა ქვეყანა... მედია არის ერთ-ერთი ძირითადი (საკვანძო) ინსტიტუტი და დამოკიდებულება მისდმი უნდა იყოს ძალიან ფაქიზი, სწორი და არა უხეში. მთავრობამ ვერ უნდა გაბედოს მედიის საქმიანობაში ჩარევა და ყველამ მოთმინებით უნდა ავიტანოთ კრიტიკა მედიის მხრიდან", - განაცხადა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები