რელიგიური დისკრიმინაცია

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ხშირად სიძულვილისა და შეურაცხყოფის მიზეზი უვიცობაა

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ქობულეთში მომხდარ ისლამოფობიურ ფაქტს ეხმაურება. პაზოტოს თქმით, სიძულვილისა და შეურაცხყოფის მიზეზი უვიცობაა.

"ბოლო ორი კვირაა საქართველოში არ ვიმყოფები. ახლაღა შევიტყე ამ ორიოდე დღის წინ ქობულეთში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შესახებ. ყოველი შეურაცხმყოფელი ქმედება (და ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს შეურაცხმყოფელ ქმედებასთან!) მიუღებელია და ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ერთად ცხოვრებას.

საჭიროა ვიზრუნოთ, რათა არ იმატოს დაძაბულობამ, საჭიროა ვიზრუნოთ, რათა განსხვავებულისადმი შემწყნარებლობა, ღიაობა იზრდებოდეს, ხოლო ამისათვის საჭიროა, გაიცნო შენგან განსხვავებული. რელიგია ვერასოდეს გახდება და ჩვენს ხელში არც უნდა დავუშვათ, რომ გახდეს სიძულვილის მიზეზად და წყაროდ. ხშირად სიძულვილისა და შეურაცხყოფის მიზეზი უვიცობაა. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსმთავარი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ამ უმსგავსობის გამო და ვგმობ ამ ამაზრზენ ფაქტს", - წერს მღვდელმთავარი facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები