რელიგიური დისკრიმინაცია

ზაქარეიშვილი: რელიგიური დისკრიმინაცია თვალშისაცემია, რადგან ადრე ეს იმალებოდა

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები არ გახშირებულა და თვალშისაცემი იმიტომ არის, რომ წინა ხელისუფლება მსგავს ფაქტებს მალავდა. 

“მე ვთვლი, რომ თვალშისაცემია ეს ფაქტები, იმიტომ, რომ ადრე ეს იმალებოდა. აშკარად მიდიოდა ავტორიტარული რეჟიმის დროს ამ ფაქტების მიმართ სერიოზული ზეწოლა და ამიტომ არ ჩანდა. დღეს ფაქტები თვალშისაცემია,” - ასე უპასუხა ზაქარეიშვილმა ტაბულას კითხვას იმის შესახებ, მიიჩნევდა თუ არა ის, რომ მსგავსი ფაქტები უკანასკნელ პერიოდში გახშირდა.

მინისტრი თვლის, რომ ზოგიერი მსგავსი ფაქტის უკან პოლიტიკური მოტივი იმალება.

“ზოგიერთი ამ ფაქტის უკან არის პოლიტიკური სარჩული, ჩემი ღრმა რწმენით. მაგრამ, ფაქტია, რომ საჭიროა მუშაობა ამ მიმართულებით. იმ თავისუფლებამ, რაც მიენიჭა საზოგადოებას ახალი ხელისუფლების დროს, გამოიწვია გარკვეულწილად სხვადასხვა ჯგუფებს შორის ინტერესების გადანაწილება,” - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის აზრით, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის შემთხვევები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ხელისუფლება მას წარმატებით უმკლავდება და სულ მალე საბოლოოდ აღმოფხვრის.

“მე ვხედავ ამაში სერიოზულ გამოწვევას ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვუმკლავდებით და დარწმუნებული ვარ ამ ფაქტების რაოდენობა სულ მალე პრაქტიკულად გაქრება,” - ამბობს ზაქარეიშვილი.

კომენტარი ზაქარეიშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე  გააკეთა, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ტოლერანტობის დასამკვიდრებლად საქართველოს დიდი ძალისხმევა არასდროს დასჭირვებია.

“ტოლერანტობა არის ის დემოკრატიული ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლადაც დიდი ძალისხმევა ჩვენ არ დაგვჭირვებია არასოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგვჭირდება მომავალში,” - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები