რელიგიური დისკრიმინაცია

საპატრიარქო: ქობულეთში ჩადენილ ქმედებაში პროვოკაციის ნიშნებია

საქართველოს საპატრიარქო

10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში ჩვენ პროვოკაციას ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველო საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება. თუმცა აღნიშნულია, რომ ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოხდა.

განცხადებაში მუსლიმებისა და ქრისტიანების ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითად მოყვანილია წმინდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება, რომელიც პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის, მუსლიმებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერეკლე მეორის გვერდით საქართველოსთვის ბორჩალოელი მუსლიმები იბრძოდნენ და რომ ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიაში სხვაც ბევრი იყო.

"ტრადიცია დღესაც გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობა აქვს დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ, აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ვხდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საპატრიარქო ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ერთი მხრივ დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის თბილისში და, მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს.

"რა თქმა უნდა, 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში ჩვენ ვხედავთ პროვოკაციას, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და მით უმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები