რელიგიური დისკრიმინაცია

წულუკიანი: მთავრობა არ დაუშვებს ამ ქვეყანაში რელიგიურ დაპირისპირებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქობულეთში მუსლიმურ მედრესესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს ქვეყანაში რელიგიურ დაპირისპირებას. 

"მედრესეს, როგორც საკულტო ნაგებობის შეურაცხყოფა ამ თუ სხვა ფორმით არის ჩვენი მუსლიმი მოქალაქეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მე მინდა ეს ცალსახად დავგმო და შევახსენო ყველა მართლმადიდებელს, რომ ეს არ არის ჩვენი ქრისტიანული კულტურის ნაწილი. მთავრობა არ დაუშვებს ამ ქვეყანაში რელიგიურ დაპირისპირებას, ერთმანეთის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. სასწრაფოდ აუცილებელია, რომ მთავრობისა და სახელმწიფოს ეს გზავნილი ყველა რელიგიურმა ჯგუფმა, რელიგიურმა ორგანიზაციამ გაიგოს, შეისმინოს და გაითავისოს", - თქვა წულუკიანმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

ცნობისთვის, გუშინ, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა) მიმდინარეობს. 

კომენტარები