სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება გადადო

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე დამტკიცებული ახალი სანქციების ამოქმედების გადაწყვეტილება კიდევ გადადეს. უკრაინული მედია ბრიუსელიდან დიპლომატურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონსენსუსი სანქციების პაკეტის გამოქვეყნებაზე ვერ შედგა. ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ახალი შეზღუდვების შემიღება არ მოხდება, თუ ცეცხლს შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ არ ჩაიშალა.

უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტები შეთანხმებას კვლავაც არღვევენ და დონეცკის ოლქში უკრაინული პოზიციების დაბომბვას განაგრძობენ. მარიუპოლის მახლობლად, 11-კაციანი რუსული დივერსიული ჯგუფი დააკავეს. ამავე დროს, ეუთოს დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ უკრაინიდან რუსეთში სამხედრო ფორმიანი პირების ნაკადი გაიზარდა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ რუსული ძალები უკრაინას ტოვებენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის კრიზისზე NATO-ს რეაქციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა.

"მაგრამ მოსკოვი ევროპაში შეჭრას არ აპირებს. NATO-მ თავისი არსებობის აზრი დაკარგა და მისი ძიებითაა დაკავებული, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კი ბრიუსელში რუსული ფაქტორის გათამაშება და ჩვენი საფრთხედ წარმოჩენა სიხარულით დაიწყეს", - განაცხადა ლავროვმა იტარ ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები