ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

წულუკიანი: არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ნაციონალურ მოძრაობას გაახარებს

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა გართულებულია. მისი თქმით, ის არასდროს გააკეთებს იმას, რაც შეიძლება, ნაციონალურ მოძრაობას ახარებდეს. მინისტრის კომენტარი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის შეფასებას მოჰყვა, რომ მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და უნდა, ხელი შეუშალოს.

"რა თქმა უნდა, რამდენიმე ხანია, თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არის გართულებული. ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს ჩემი მინისტრად თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას, როგორც წევრი ქართული ოცნების კოალიციის, არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და არასდროს გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება, ხელს უწყობდეს და ახარებდეს ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნავს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ივანიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრემიერი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს.

"ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ სასჯელაღსრულებაში გაცემული ის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო პრემიები, რაც გაიცა, არის პრობლემა. ამგვარი თვითნებური პრემიების გაცემას, რომელიც მინისტრის ხელფასის რვამაგი და ცხრამაგი ოდენობა იყო, მომავალში ვერავინ ვერ გაბედავს. დიახ, ეს იყო პრობლემა - პირველი და უკანასკნელი. ამის შემდეგ მთავრობაში, პრემიერის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი წესები პრემირების, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე, ყველა შუა თუ მაღალი რგოლის მენეჯერი, მინისტრები იცავენ ძალიან დიდი ზედმიწევნით და ყურადღებით", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები