იოსემიტის ხანძარი

NASA იოსემიტის ეროვნულ პარკში მიმდინარე ხანძრის სატელიტურ ფოტოს ავრცელებს

NASA

NASA-მ 725 კმ-ის სიმაღლიდან სატელიტით გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს იოსემიტის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრიდან მომავალი კვამლი.

იოსემიტის ეროვნულ პარკში ცეცხლი 20 ივლისს, მეხის შედეგად გაჩნდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკის ხელმძღვანელობა ცეცხლს არ აქრობდა, რათა არ დაერღვია პარკში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი. 49 დღის განმავლობაში ხანძარი მხოლოდ 8 ჰექტარზე ვრცელდებოდა და საფრთხეს არ უქმნიდა ვიზიტორებს.

7 სექტემბერს ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად ხანძარი გაიზარდა და პარკის ხელმძღვანელობას ვერტმფრენებით მოუწია ვიზიტორთა ევაკუაცია, 8 სექტემბრისთვის ხანძარი 1044 ჰექტარს მოედო. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს.

იოსემიტის ეროვნული პარკი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. პარკის ფართობი 3081 კმ²-ია. 1984 წელს იუნესკომ იოსემიტი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს მიერ გავრცელებული ფოტოები საკმაოდ შთამბეჭდავია, იოსემიტის ხანძარი ბევრად უფრო მცირეა კალიფორნიის დიდ ხანძრებთან შედარებით. მაგალითისთვის, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ჰეფი კემპ კომპლექსის ხანძრის შედეგად, რომელიც დღესაც მხოლოდ სანახევროდ არის ლოკალიზებული, 40000-ზე მეტი ჰექტარი განადგურდა.

კომენტარები