უკრაინის კრიზისი

მერკელი: სანქციები რუსეთზე ზეწოლის ერთადერთი საშუალებაა

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

სანქციები რუსეთზე ზეწოლის ერთადერთი საშუალებაა - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამშაბათს, 9 სექტემბერს, გერმანულ რადიოსადგურ rbb-Inforadio-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მერკელის აზრით, უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება არ შეიძლება. მისივე ინფორმაციით, კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობა აშკარაა, რუსეთი უკრაინელ სეპარატისტებს უჭერს მხარს, რაც თავის შედეგებს აუცილებლად გამოიღებს.

"სანქციების დაკისრებისას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი მდგომარეობის ნორმალიზება მოხდება, დასჯის ზომებიც გაუქმდება", - განაცხადა მერკელმა.

მიუხედავად NATO-ს ინიციატივისა, რომელიც NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნას შეეხება, მერკელი არ აპირებს გაზარდოს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფა ავღანეთიდან გერმანიის სამხედრო ძალების, ბუნდესვერის გამოყვანის შემდეგ მოხდება.

კომენტარები