უელსის სამიტი

NATO-საქართველოს ურთიერთობების ქრონიკები

ხუთშაბათს, 4 სექტემბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე უელსში NATO-ს სამიტი გაიხსნება. საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით სამიტზე დასასწრებად ოთხშაბათს, 3 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას ამ სამიტისგან დიდი მოლოდინები აქვს. თუ რამდენიმე თვით ადრე უელსის სამიტისგან წევრობის სამოქმედო გეგმის მოლოდინი არსებობდა, ახლა საუბარია პაკეტზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნასა და საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს ერთობლივ წვრთნებს.

NATO-ს უელსის 2014 წლის სამიტის წინ ტაბულა გთავაზობოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების ქრონიკას.

NATO-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც ცივი ომის დასასრულს NATO-სა და ვარშავის პაქტის ყოფილ წევრებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა.

1994 წლის 23 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობისა და ორმხრივი პროგრამების განვითარების მიზნით.

ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი თარიღი იყო 1999 წელი, როდესაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა NATO-ს ეგიდით კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) მიიღეს მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მიიღო მონაწილეობა.

პირველად NATO-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამის ფარგლებში, 2001 წლის ივნისში საქართველოში მრავალმხრივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა. შავი ზღვის წვრთნებში NATO-ს 9 წევრი და 6 პარტნიორი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

2002 წლის ნოემბერში, პრაღაში NATO-ს სამიტზე საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი მისწრაფებები NATO-ს წევრობის გზაზე.

2004 წლის სექტემბერში საქართველომ საკუთარი შეიარაღებული ძალები ავღანეთში განალაგა, ავღანეთში NATO-ს ეგიდით საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების (ISAF) მხარდაჭერის მიზნით. ასევე, 2005 წლიდან აღნიშნულ მისიას სამხედრო მარაგები საქართველოს გავლით მიეწოდება.

ყველაზე ახლოს საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP) 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე იდგა. 2-4 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ სამიტზე უნდა გადაწყვეტილიყო, მიიღებდნენ თუ არა საქართველო და უკრაინა MAP-ს. აღნიშნული საკითხი დასავლელ ლიდერებს შორის დიდი დავის საგანი გახდა. NATO-ს გაფართოებას ყველაზე მეტად ბუშის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს. აგრეთვე, გაერთიანებული სამეფო, კანადა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა. საქართველოსა და უკრაინის დაწინაურებას სკეპტიკურად უყურებდნენ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ბენილუქსის ქვეყნები.

გადამწყვეტი გავლენა იქონია გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის წინააღმდეგობამ, რომელმაც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ქვეყანაში ტერიტორიული კონფლიქტების საბაბით დაბლოკა (1955 წლის 9 მაისს დასავლეთ გერმანია NATO-ს წევრი გახდა).

კომპრომისის თანახმად, საქართველოსა და უკრაინას უარი ეთქვათ წევრობის სამოქმედო გეგმაზე, თუმცა მიიღეს დაპირება, რომ აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრი ქვეყნები.

ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დასავლურმა სამყარომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. სამიტის შემდეგ რუსეთმა გაამკაცრა საქართველოს მიმართ რიტორიკა და მალევე გამოქვეყნდა პუტინის დადგენილება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები უნდა დამყარებულიყო. 2008 წლის მაისის თვეში გაიზარდა აფხაზეთში რუსი სამხედროების რაოდენობა. 30 ივნისს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთებმა და ФСБ-ს სასაზღვრო ჯარებმა საქართველოს საზღვრებთან სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ცხინვალის რეგიონის სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას. როკის გვირაბის გავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს რუსული ჯავშანტექნიკის კოლონებმა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სექტემბრის თვეში NATO-მ და საქართველომ დააფუძნეს NATO-საქართველოს კომისია (NGC), რომელიც რუსეთთან ომის შემდეგ მონიტორინგს გაუწევდა საქართველოს მხარდაჭერას და გააკონტროლებდა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს, რომელზეც ალიანსის წევრები ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდნენ.

ბუქარესტის შემდეგ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამიტი 2012 წელს ჩიკაგოში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. იმჟამინდელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამიტის შესახებ განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტი იქნებოდა ბოლო სამიტი გაფართოების გარეშე.საქართველო ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში ბალკანეთის სამ ქვეყანასთან – მაკედონიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროსთან ერთად მოექცა.

 საქართველო, ამ ეტაპზე, არაწევრი ქვეყნებიდან ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი. საქართველომ თანხმობა განაცხადა 2014 წლის ბოლოს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში, ავღანეთის უშიშროების ძალების გაწვრთნის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და ასევე ჩაერთვება NATO-ს საპასუხისმგებლო ძალებში (NRF).

კომენტარები