თურქეთი

თურქეთის ყოფილი პრემიერი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთის ყოფილი პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. იგი პრეზიდენტის სასახლეში უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულა გიულმა მიიღო და ქვეყნის მეთაურის პოსტი ოფიციალურად გადააბარა. ერდოღანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა 10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ქვეყანაში პირველად გაიმართა. მანამდე კი, სამი ვადის განმავლობაში პრემიერის პოსტს იკავებდა.

ერდოღანის პარტია პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას აპირებს, რომელსაც დღესდღეობით მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები აკისრია. ქვეყნის პრემიერი კი, საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ გახდება.

"ჩემი არჩევა საერთო-სახალხო კენჭისყრის გზით არა უბრალოდ ტექნიკური ცვლილებაა, არამედ მთელი ეპოქის დასასრული. დღეს იწყება ახალი ერა, ახალი, დიდი თურქეთის ეპოქა, რომელიც რესპუბლიკის დასაწყისის სულისკვეთებას ატარებს. ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, ვიქნებით ჩემპიონი სამშვიდობო პროცესში და დავიცავთ 77 მილიონი თურქის ერთიანობას", - განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე, ახალმა პრეზიდენტმა ფიცი საზეიმოდ პარლამენტის წინაშე დადო. ერდოღანმა პირობა დადო, რომ "ქვეყნის რეპუტაციას და მის დიდებას გაუფრთხილდება".

კომენტარები