ადამიანის უფლებები

პოლიციის შენობასთან გიორგი ცომაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ნეტგაზეთი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა დღეს ვაკე–საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებასთან გიორგი ცომაიას სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ცომაიას პოლიციის შენობაში 11 პოლიციელი სასტიკად გაუსწორდა. ნეტგაზეთის ცნობით, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გიორგი ცომაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის თქმით, “ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ჩაკეტილ წრეს, რაშიც ტრიალებს ქართული სამართალდამცავი სისტემა”. მენაბდის განცხადებით, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავ ორგანოში ჩადენილ დანაშაულს. 

იდენტობას აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის თქმით კი, “ამ ამბის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა ვიცით და სამწუხაროდ ადამიანები ყურს არ იბერტყავენ". მისი შეფასებით, "გამოდის, რომ ადამიანის წამება კი არ გვაწუხებდა, არამედ პოლიტიკური იყო ის პროტესტი, რომელსაც ადამიანები იჩენდნენ იმ დროს". ვაჭარაძის აზრით, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმიტომ, რომ "შერჩევითი სამართალი არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი, მოქალაქეების მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ყოველთვის იქნება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ".

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიორგი ცომაია უკვე რამდენიმე დღეა, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. ის იქ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდა - ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით შეეფარდა. ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი ცომაიამ 14 აგვისტოს ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პოლიციის მე-2 განყოფილებაში წინა ნასამართლობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონი მოითხოვა, რასაც ერთ-ერთი პოლიციელის გაღიზიანება მოჰყვა. 11 ადამიანი ცომაიას ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ცომაიას ბრალი პოლიციელებზე არაფხიზელ მდგომარეობაში შეიარაღებულ თავდასხმაში დასდეს.

კომენტარები