კრიმინალი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გიორგი ცომაიას საქმის შესწავლა დაიწყო

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გიორგი ცომაიას საქმის შესწავლა დაიწყო.

უჩა ნანუაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა მიმართა და გიორგი ცომაიას შესაძლო ცემის ფაქტის შესწავლა სთხოვა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გიორგი ცომაიას მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტური გამოძიება აწარმოონ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიორგი ცომაია უკვე რამდენიმე დღეა, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. ის იქ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდა - ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით შეეფარდა.

ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი ცომაიამ 14 აგვისტოს ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პოლიციის მე-2 განყოფილებაში წინა ნასამართლობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონი მოითხოვა, რასაც ერთ-ერთი პოლიციელის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც 11 ადამიანი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ცომაიას ბრალი პოლიციელებზე არაფხიზელ მდგომარეობაში შეიარაღებულ თავდასხმაში დასდეს.

კომენტარები