NDI-ის კვლევა

NDI: ჭიკაიძის გარდა, მინისტრთა საქმიანობის კარგად შემფასებელთა რიცხვი შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გარდა, ყველა მინისტრის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობა შემცირებულია. კერძოდ, აპრილში შს მინისტრის საქმიანობას კარგად თუ 15% აფასებდა, ახლა ასე 16% ფიქრობს. სხვა ყველა მინისტრის შემთხვევაში კი, მათი რიცხვი, ვინც "კარგად" აფასებს მთავრობის წევრების საქმიანობას, წინა კვლევასთან შედარებით, 2-10%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ჭიკაიძის საქმიანობა ნოდარ ხადურის, გიორგი კვირიკაშვილის, სოზარ სუბარის, პაატა ზაქარეიშვილის, ალექსი პეტრიაშვილის, დავით დარახველიძის, გურამ ოდიშარიას, შალვა ფიფიას, ელგუჯა  ხოკრიშვილის, კონსტანტინე სურგულაძის, ხათუნა გოგალაძის და ლევან ყიფიანის საქმიანობაზე მეტად მოსწონთ.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას საქმიანობას გამოკითხულთა 37% აფასებს კარგად, საშუალოდ 41%, ცუდად 4%. აპრილში, გამოკითხულთა 44% აფასებდა კარგად, 36% საშუალოდ, 5% კი, ცუდად.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს საქმიანობას კვლევაში მონაწილეთა 26% აფასებს დადებითად, 46% საშუალოდ, 8% კი, "ცუდად" ან "ძალიან ცუდად". აპრილში, გამოკითხულთა 32% აფასებდა სერგეენკოს საქმიანობას კარგად, 41% საშუალოდ, ხოლო 8% "ცუდად" ან "ძალიან ცუდად".

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის საქმიანობას დადებითად 25% აფასებს, საშუალოდ 48%, 5% კი, "ცუდად" ან "ძალიან ცუდად". აპრილში, გამოკითხულთა 31% კარგად აფასებდა საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქმიანობას, 41% საშუალოდ, 9% კი, "ცუდად" ან "ძალიან ცუდად".

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საქმიანობას NDI-ის გამოკითხულთა 25% აფასებს "კარგად", 45% "საშუალოდ", 10% კი, "ცუდად" ან "ძალიან ცუდად". აპრილში, წულუკიანის საქმიანობას 35% აფასებდა კარგად, 39% "საშუალოდ", 11% კი, " ცუდად" ან "ძალიან ცუდად".

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად კვლევაში მონაწილეთა 22%. აპრილში, ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. უახლესი კვლევის მიხედვით, ვიცეპრემიერის საქმიანობას 47% აფასებს საშუალოდ, რაც აპრილში 41% იყო. "ცუდად" და "ძალიან ცუდად" ახლაც და მაშინაც, შესაბამისად გამოკითხულთა 12% და 2% აფასებდა.

ალექსი პეტრიაშვილის საქმიაობას "კარგად" კვლევაში მონაწილეთა 13% აფასებს, აპრილთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული. მაშინ, მინისტრის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 19% აფასებდა. უახლესი კვლევის მიხედვით, 42% აფასებს პეტრიაშვილის საქმიანობას "საშუალოდ", რაც აპრილში 39%-ს შეადგენდა. ამასთან, 1%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ პეტრიაშვილი ძალიან ცუდად მუშაობს.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის საქმიანობას აპრილთან შედარებით, 6%-ით ნაკლები აფასებს კარგად. კერძოდ, მისი საქმიანობა ახლა 10%-ს მოსწონს, აპრილში ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა.

კომენტარები